საქართველო სატრანზიტო ტვირთის მოსაზიდად ყაზახეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახეთთან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის თაობაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

„რაც შეეხება ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი სატრანზიტო ნაკადების მოზიდვას ე.წ. შუა დერეფანში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში, რა თქმა უნდა, სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ამაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პროცესის ინტენსივობაზე მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების სახელმწიფო ვიზიტები როგორც ყაზახეთში, ისე უზბეკეთსა და თურქმენეთში.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტების დროს მთავრობების მეთაურებმა და ასევე ეკონომიკურ ფორუმებზე მხარეებმა ტექნიკური საკითხები გაიარეს. გარდა ამისა, თბილისში გაიმართება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა.
თურქეთს ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საქართველოს პოტენციალის გამოყენება სურს>>
„გვაქვს ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა თბილისში, სადაც თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. საუბარია ზუსტად ამ სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რათა ჩვენ არათუ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, არამედ დიდი ხანი მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ერთ დღეში ვერ მოხერხდება და ბევრი რამაა დამოკიდებული საერთაშორისო კონსორციუმების გადაწყვეტილებებზე.
დავითაშვილის თქმით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რამდენად სინქრონულად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან ტრანსკასპიურ დერეფანში შემავალი ქვეყნები.