კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა

მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება, განაცხადეს კომისიაში.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა, რაც თითქმის 119 ათას ლარს შეადგენს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
საქმე ეხება ვიდეოს, რომელიც გადიოდა ტელეარხის ეთერში 23 და 24 ივნისს, აქციის „შინ ევროპისკენ“ ჩატარებამდე. აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ამ ვიდეოში ერთად თავმოყრილია და დამახინჯებულია პარტიის ლიდერების გამონათქვამები ევროკავშირის შესახებ.
„მთავარი არხი“ დაჯარიმდა არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო. გარდა ამისა, ანალოგიური დარღვევების გამო კომისიამ ორი ოპოზიციური არხი – „TV პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, რეკლამის სტატუსის განსაზღვრისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, კომისიამ ყურადღება გაამახვილა როგორც სარეკლამო რგოლის შინაარსზე და კონტექსტზე, ასევე მის მიზანზე.

„ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა – მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი, ერთი მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა“, – ნათქვამია დასკვნაში.

„კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“: რეგულატორმა მასმედიის პრეტენზიებს უპასუხა >>
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ სადავო ვიდეო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია.
„საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების საკითხს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომისიაში განმარტეს, რომ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე და დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში – მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე.
როგორც კომისიაში განმარტეს, რადგან „TV პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ამიტომ კომუნიკაციების კომისიამ ეს ტელეარხები წერილობით გააფრთხილა.
რაც შეეხება „მთავარ არხს“, ამ ტელეკომპანიამ 2019, 2020 და 2021 წლებში ეს კანონი ოთხჯერ დაარღვია, ხოლო მიმდინარე წელს ტელეარხმა აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ ჩაიდინა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული.
წყარო - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია