თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია, რათა ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთები, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის და თურქეთის მინისტრებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.
ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
„სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, რათა ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს, ხოლო თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
სამმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა განიხილეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება.
როგორც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ აღნიშნა, რაც მეტი იქნება დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნები, მით უფრო ძლიერი იქნება სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა.
„ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება“, - აღნიშნა კარაისმაილოგლუმ.
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მკაცრი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ.
„ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია", - აღნიშნა რაშად ნაბიევმა.
თვის დასაწყისში ტაშკენტში გაიმართა დიალოგის ფორმატის პირველი შეხვედრა „უზბეკეთი–აზერბაიჯანი–თურქეთი“, რომელშიც მონაწილეობდნენ სამი ქვეყნის მინისტრები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე.
მხარეებმა გადაწყვიტეს აქტიურად გამოიყენონ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო პორტები, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი–სამხრეთი“ და „აღმოსავლეთი–დასავლეთი“.
სხდომის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერა ტაშკენტის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს უახლოეს პერსპექტივაში.