„ხალხის ძალის“ ახალი განცხადება - რევოლუციური სცენარი, რომლის კოორდინატორია აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო გააკრიტიკეს დეპუტატებმა, რომლებმაც ივნისის ბოლოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეაქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ევროკომისიის პირობების შესრულებაზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფიდან გარიცხვის შესახებ პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში რევოლუციის გარდაუვალობაზე, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას და ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა. საელჩოს განცხადება, თავის მხრივ, გააკრიტიკა ოთხმა დეპუტატმა, რომლებმა „ქართული ოცნება“ დატოვეს და ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“.

„ისფედის“ გამოქომაგებით საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად სდებს ბრალს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილში. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
როგორც პარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, აშშ-ის საელჩო კოორდინაციას უწევს რევოლუციას, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ამის რეალიზებას ახდენს.
დეპუტატების მორიგი წერილი კელი დეგნანს - ამერიკის ელჩი არ ემიჯნება...>>
„პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც დეპუტატები მიიჩნევენ, თუ მთავრობა „დანებდება“ და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება კაპიტულაცია საელჩოსა და „ნაცმოძრაობის“ წინაშე.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა აგვისტოს დასაწყისში დააფუძნეს. ამ დეპუტატებმა მმართველი პარტია დატოვეს.
დეპუტატები აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მისამართით მკვეთრ წერილებს აქვეყნებენ, ბრალად სდებენ იმას, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ, ასევე „ქართული ოცნების“ დამხობა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.