თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. კომპანია Rissa Investments Limited-ის დირექტორთა საბჭოში, რომელიც IDS Borjomi International-ის მმართველი კომპანიაა, დირექტორისა და მეთვალყურის თანამდებობაზე კანდიდატების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში გახდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობასა და „ბორჯომის“ მფლობელებს შორის დადებული გარიგების თანახმად, Rissa Investments Limited-ის დირექტორთა საბჭოს სახელმწიფოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და მას გადამწყვეტი ხმის უფლება ექნება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ეყოლება ერთი დირექტორი – მეთვალყურე.
„ჩვენ ეს კანდიდატები წარდგენილი გვყავს და როგორც კი რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს. ამ დღეებში ალბათ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, კანდიდატები გამოცდილი, კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები არიან იმისთვის, რომ დაკისრებული სამუშაო სათანადოდ შეასრულონ.
საქართველოს მთავრობასა და „ბორჯომის“ მფლობელებს შორის დადებული გარიგება შედგება ორი დოკუმენტისგან – წილის სახელმწიფოსთვის გადაცემის და დირექტორთა საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლის საკვანძო როლის შესახებ.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე იურიდიული პროცესი მხოლოდ ქართულ კანონმდებლობასა და სამართლებრივ სივრცეს არ ეხება, ამიტომ საკითხების გადაწყვეტისთვის მეტი დროა საჭირო.
„ბორჯომის“ მფლობელი საერთაშორისო კომპანიაა, მშობელი კომპანია და, შესაბამისად, ის რეგისტრირებულია სხვა იურისდიქციაში. ამიტომ მე ვერ გეუბნებით როდის დასრულდება ის ლეგალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეთანხმების პირობების თანახმად, სახელმწიფო იღებს კომპანია Rissa Investments Limited-ის აქციების 7,73%-ს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მაკონტროლებელ აქციონერს.