„ის „სტადიო მარადონას“ ახალი კერპია“ - კვარაცხელია, ანუ კვარადონა

ხვიჩა კვარაცხელია ორი ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს, „ნაპოლი“ კი უდანაკარგოდ ცხრილის სათავეშია.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილ გულშემატკივარს არნახული სანახაობა მოუწყო. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სეზონის მეორე და პირველი საშინაო შეხვედრა იტალიის სერია A-ში ახლახან აღზევებულ „მონცასთან“ გამართა და თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.
შეხვედრის პირველი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა – 35-ე წუთზე კვარაცხელიამ შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე გაიზარდა – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგისას გადაცემით ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა.
მატჩის მეორე ნახევარში „ნაპოლი“ კვლავ აქტიურად უტევდა და მესამე გოლი ისევ ქართველმა გაიტანა. კვარაცხელიამ ლობოტკას გადაცემის შემდეგ მეტოქე გუნდის მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და მარცხენა ფეხით „მონცას“ კარი კიდევ ერთხელ აიღო. საბოლოოდ შეხვედრა ნეაპოლელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ. გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არც ამ შემთხვევაში დაიშურა და აღნიშნა, რომ კვარაცხელიასთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში მაყურებელი მას კიდევ უფრო ძლიერს იხილავს.

„კვარაცხელია ძალიან კარგად გრძნობს თამაშს და ძალიან ემოციურია. ჯერ კიდევ წნეხის ქვეშაა, როგორც კი ამ წნეხს მოიშორებს და ჩვენი ფეხბურთის მექანიზმებში ინტეგრირებას შეძლებს, გარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო კარგად ითამაშებს და გაჩვენებთ, როგორი მოთამაშეა. ვის ჰგავს? პარალელების გავლება თქვენ ჩემზე კარგად გეხერხებათ. კვარა დიდი პროფესიონალი და კარგი ბიჭია, შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა. დღეს 10 წუთის შემდეგ კუნთები დაეჭიმა, მაგრამ ის ნეაპოლელი გულშემატკივრების წინაშე გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და კარგია, რომ გოლები გაიტანა. ასე უფრო მალე მოიპოვებს საჭირო სიმშვიდეს“, – აღნიშნა სპალეტიმ ტელეკომპანია DAZN-თან საუბრისას.

ქართველი შემტევის არაჩვეულებრივი მატჩი არც იტალიური მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილა და კვარაცხელია მაშინვე ადგილობრივი გამოცემების გარეკანზე აღმოჩნდა. როგორც იტალიურ მედიაში წერენ, ქართველი ფეხბურთელისა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის დუეტი მეტოქე გუნდებისთვის დამანგრეველი იქნება, კვარაცხელია კი ნეაპოლისა და „სტადიო მარადონას“ სიმბოლოდ სულ მალე იქცევა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები ქართველ ფეხბურთელს „კვარადონას“ სახელითაც მოიხსენიებენ.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფალური დებიუტი „ნაპოლის“ შემადგენლობაში>>
„კვარა-ოსი: საშიში დუეტი. ნაპოლი ოცნებობს „მარადონას“ ახალი კერპისა და მატჩის გმირის კვარაცხელიას ჯადოქრობებით“ – ასე ეხმაურება იტალიური გამოცემა Tuttosport ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს.
კვარაცხელიას შოუ! – ეს სათაური კი Gazzetta Dello Sport-ის პირველ გვერდს ამშვენებს. ცნობილი იტალიური გამოცემა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„მონცამ“ ვერაფერი მოახერხა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტთან. გოლების თანმიმდევრობა იგივე იყო, როგორც ვერონაში და კიდევ უფრო ეფექტური. მეორე ტაიმში ისევ K ფაქტორი ამუშავდა. ქართველმა დუბლი შეასრულა და კიმ მინ-ჯემაც გაიტანა. სათადარიგო სკამზე დარჩნენ ნდომბელე, რასპადორი და სიმეონე – ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე ლამაზი და სანახაობრივი ნაპოლის გაუმჯობესება შეუძლიათ. ქართველის სტარტი კი წარმოუდგენელია – ორ თამაშში სამი გოლი: თავით, მარჯვენა ფეხით და მარცხენა ფეხით. ის მართლაც სრულყოფილი მოთამაშეა“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ორი ოფიციალური მატჩი გამართა და უკვე სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, რაც იტალიის სერია A-ში საუკეთესო მაჩვენებელია. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლისთან“ ერთად მორიგ ტურში ტოსკანას მხარეს ესტუმრება და გოლების გატანას ქალაქ ფლორენციაში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ 28 აგვისტოს შეეცდება.