მაქსიმალურად სასარგებლო და დიეტური: დასახელდა კარტოფილის მომზადების უნივერსალური მეთოდი

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კარტოფილი უნივერსალური და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლის მომზადებაც მრავალნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც მას ყველა თვისებას უნარჩუნებს და ყველაზე მარგებელია ჯანმრთელობისთვის, აცხადებს ჟურნალ Eat This, Not That-ის სამედიცინო ექსპერტი ჯული აპტონი.
მისი თქმით, ეს მეთოდი კარტოფილის კანიანად გამოცხობაა, ვინაიდან ამ დროს ბოსტნეული დამატებით კალორიებს არ იძენს, როგორც ეს მისი შეწვისას ხდება.
ექსპერტის განმარტებით, კარტოფილის 58 გრამ კანში 4,5 გ უჯრედისი და 332 მილიგრამი კალიუმი (დღიური ნორმა) შედის. გამოდის, რომ საშუალო ზომის ბოლქვში შემავალი უჯრედისის ნახევარი სწორედ მის კანშია თავმოყრილი.

„კარტოფილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბოსტნეულია. ის მდიდარია კალიუმით, უჯრედისითა და C ვიტამინით. საშუალო ზომის კარტოფილი შეიცავს დაახლოებით 110 კალორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგი ვარიანტია დიეტისთვის“, — ამბობს აპტონი.

ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული ერთი კვლევის თანახმად, კარტოფილი არა მხოლოდ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, არამედ საუკეთესოა იმითაც, რომ მის გადამუშავებას იმაზე ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე მაკარონისა და ბრინჯისას. შესაბამისად, ის დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი ელემენტია.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კანიანად გამომცხვარი კარტოფილის სასარგებლო თვისებები შეიძლება გააბათილოს ისეთმა სოუსმა ან გარნირმა, რომელსაც დაბალი კვებითი ღირებულება აქვს და ძალიან ბევრ კალორიასაც შეიცავს. ამიტომ მათი შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ.
აპტონის თქმით, კანიანად გამომცხვარ კარტოფილთან ერთად სასურველი არ არის კარაქის, არაჟნის, სოუსებისა და ბეკონის მირთმევა.
წყარო: Eat This, Not That