მსოფლიო დღეს

ბორელმა რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას ითვალისწინებს, იუწყება გამოცემა Bloomberg.
მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა დაუხუროს კარი იმ რუსებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ იქ შექმნილი ვითარების გამო.

„ეს არის ძალიან საკამათო წინადადება... ზოგიერთმა ქვეყანამ ამ კუთხით უკვე მიიღო გარკვეული ზომები, ზოგი არ აპირებს მის მხარდაჭერას. მე ვფიქრობ, ყველა რუსისთვის შესვლის აკრძალვა არ არის კარგი იდეა. ჩვენ უფრო შერჩევით უნდა ვიმოქმედოთ“, — განაცხადა ბორელმა ესპანეთში დღეს გამართულ კონფერენციაზე.

ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვაც შევიდეს. მანამდე ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა. 18 აგვისტოდან ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა უკვე აუკრძალა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რესპუბლიკის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ.
წყარო: Bloomberg