თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თბილისში კალათბურთის მატჩებთან დაკავშირებით 24 აგვისტოს 14:00-დან 22:00 საათამდე და 1 სექტემბერს 11:00-დან 00:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც ახალი სპორტის სასახლე მდებარეობს, გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას ნიდერლანდის წინააღმდეგ 19:00 საათზე გამართავს, ხოლო 1 სექტემბერს ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ბელგიას დაუპირისპირდება.
მერიის ცნობით, ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.
ამასთან, უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ის დადგენილი სქემით იმოძრავებს.
წყარო - თბილისის მერია