თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების ჩაქრობა რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესაძლებელი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხანძარი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.
„გარკვეულწილად ხანძრის ლოკალიზება ხდება. შესაბამისად, თუ ქარი არ მოიმატებს და ამინდი საშუალებას მოგვცემს, პრინციპში, ერთი ან ორი დღის ფარგლებში ხანძრის კერები სრულად უნდა ჩაქრეს. ეს ძალიან რთული პროცესია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება. თუ ქარი ავიაციას მუშაობის საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად მოხდება ხანძრის ლოკალიზება.
როგორც დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს დამატებით ტერიტორიებზე. მისი თქმით, ამ დროისათვის დასახლებების ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„ამ დროისათვის ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ტყის ტერიტორია. იწვის ბალახიც და ბუჩქებიც. შესაბამისად, ზარალზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამი უწყების პირველი პირი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს.
ამასთან, მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებას ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ.
„ჩვენ გვახსოვს ბორჯომში წინა ხანძრები, როდესაც მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება თავდაცვის ძალების დროულად განლაგება, რათა ზიანი იყოს მინიმალური“, – განაცხადა მინისტრმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამჟამად ხანძრის ქრობის პროცესში 300 მეხანძრე-მაშველი და დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელია ჩართული.
ხანძრის ქრობის პროცესი ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმაც განაახლეს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო მანქანები.
გარდა ამისა, შეიქმნა დეპარტამენტის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.