ტრაგედია თურქეთში: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მძიმე ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
დღეს თურქეთში, ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
ავარია თურქეთში
დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე, ორი მედიკოსი და ორი ჟურნალისტია. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის უცხოელები, ასევე უცნობია ავტობუსის შეჯახების მიზეზი გაჩერებულ მანქანებთან, რომლებშიც ადამიანები იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამხრეთ თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულეთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.