თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ლიეტუვურ კომპანია UAB OKATA–ს, მის ადგილობრივ პარტნიორ „სოლარ ენერჯი ჯორჯიასა“ და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში პროკურატურის შენობაზე მზის პანელები დამონტაჟდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროექტის მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და კომუნალური ხარჯების შემცირება.
საქართველოს პროკურატურის შენობაზე პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული პანელების ჯამური სიმძლავრე 100 კილოვატია.
პროექტის დაფინანსება ლიეტუვური მხარის მხრიდან შეადგენს 334.402 ლარს, ხოლო საქართველოს პროკურატურის მიერ თანადაფინანსება – 65.598 ლარს.
მზის ენერგიის პანელების დამონტაჟების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 50 ათასი ლარი დაიზოგება.
საქართველოს პროკურატურა სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას სამომავლოდაც გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს.