თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებს დალუქული დახვდათ თბილისში მდებარე კვების ობიექტი „ავოკადო.ჯი“, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კომპანია საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც „ჯანსაღი კვების მიტანის სერვისი“.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჯანსაღ საკვებად წოდებული „ავოკადო.ჯის“ საკვები ანტისანიტარიულ პირობებში მზადდება. აღნიშნულთან დაკავშირებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რის საფუძველზეც უნდა განგვეხორციელებინა სახელმწიფო კონტროლი. ადგილზე მოსულებს, როგორც ხედავთ, ობიექტი დაკეტილი დაგვხვდა, არ ფუნქციონირებს, სახელმწიფო კონტროლი ვერ განხორციელდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სამსახური გააგრძელებს აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევას და კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას გაატარებს.
დღესვე „ავოკადო.ჯიმ“ სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფოემაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ვიდეოკადრები ფართის მეპატრონემ გაავრცელა, რადგან გამოუჩნდა ახალი მეიჯარე, რომელიც გაცილებით მეტ იჯარას გადაუხდიდა. კომპანიის განცხადებით, ფართში რემონტი მიმდინარეობდა, შესაბამისად, ინვენტარი და პროდუქცია ეზოში იყო გატანილი, რომელოიც წესის მიხედვით უნდა ჩამოწერილიყო. ფართის მფლობელმა ამით ისარგებლა, შეიჭრა გაქირავებულ ფართში და კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოჩანაწერი გადაიღო.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.