თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტების გამოშვებას იწყებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 ათასიანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.
მონეტის ავერსის ესკიზი – ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი – სოფიო წიქარიძემ მოამზადეს.
„ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. „ევრობასკეტი 2022“-ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღება გასული წლის ნოემბერში დაიწყო. „ევრობასკეტი 2022“ იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.
მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს მონეტის თითოეული ერთეულისთვის 50 ლარი.
2022 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის, აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
წყარო - ეროვნული ბანკი