თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პოლიცია აქციებზე იმოქმედებს კანონის ფარგლებში და თუ ვინმე დასაკავებელი იქნება, დააკავებს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. მეტიც, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები ბევრ რამეზე არიან წამსვლელი, „მათ შორის შენობების აღებაზეც“.
„მოქალაქეებს უფლებას ვერ შევუზღუდავთ. ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. „პანჩურებით“ არ გავყრით ნამდვილად, კულტურულად მივაბრძანებთ თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი პოლიტიკური შემოდგომა", - განაცხადა გომელაურმა
შემოდგომაზე აქციების გამართვის შესახებ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ განაცხადეს.
ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე და აქციების მიზეზად სწორად ამას ასახელებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.