თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარის თქმა ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
„სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორც დიპლომატიურ მისიაში განმარტავენ, პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩასართავად „მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო“ შეარჩიეს. შესაბამისად, მისთვის ჯგუფში ჩართვაზე უარი „პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“.
მანამდე, 18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნა პარლამენტში. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“ არ დაუშვეს, ვინაიდან, მათი განცხადებით, ISFED „ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს“. ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება „მაგიდის აყირავებას” ცდილობს, რათა სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყონ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 1995 წელს დაარსდა საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. დაარსების მომენტიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებში მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით.