სამწლიანი შეზღუდვა ნაწილობრივ შემსუბუქდა: ცხინვალისკენ „გადასასვლელი პუნქტები“ იხსნება

Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცხინვალის მიმართულებით „გადასასვლელი პუნქტები“ ნაწილობრივ იხსნება, იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
როგორც აღინიშნება, ეს არის „ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ნაბიჯი“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

„ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს“, — ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში ხაზს უსვამენ, რომ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი, ისევე, როგორც ახალგორის რაიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მუდმივად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.