თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნული პროგრამის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.
პირველ ეტაპზე, იმისათვის, რომ დაბრუნებულ მიგრანტს შემოსავლის წყაროს გაჩენასა და დასაქმებაში შეუწყონ ხელი, პროგრამის ფარგლებში 100-მდე პროექტი დაფინანსდება. თვითდასაქმების მსურველები საქმიანობის წამოწყებისა თუ მისი გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს თავად შეარჩევენ.
სააგენტო მიმდინარე წელს განაცხადების მიღებას უკვე მეორედ იწყებს. მიმდინარე წელს სულ 200-მდე მიგრანტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე არამოქალაქე პირებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც:
საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ არალეგალურად,
განაცხადი ჰქონდათ წარდგენილი თავშესაფრის მიღებაზე,
ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-98/