რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულები 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, პირთა ორგანიზებული ჯგუფი თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.