იწყება მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ეკუთვნის.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობა დღეს, ღამის საათებში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები.
სამუშაო პროცესი ყოველდღიურად, გვიან ღამით, მეტროს სადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.

„გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროექტის დაგეგმარების სამუშაოებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო.