ისტორიული მოვლენა: ფოთში ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს - ფოტო

საქართველოს რკინიგზის ისტორია ამიერიდან უფრო თვალსაჩინო გახდება.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ფოთში, რკინიგზის სადგურთან ისტორიული ორთქლმავლის ძეგლი აღადგინეს, იუწყება ფოთის მერია.
ორთქლმავლის ძეგლი ფოთში
მერიის ინფორმაციით, საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავალი.
ორთქლმავლის ძეგლი ფოთში
ორთქლმავლის აღდგენა 69,5 ათასი ლარი დაჯდა. სამუშაოები კომპანია „ბემამ“ შეასრულა.
ორთქლმავლის ძეგლი ფოთში
პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს; მოეწყო პიედესტალი ორთქლმავლისთვის; პიედესტალი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით; მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.
საქართველოს რკინიგზა არის ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.
მატარებელი
ორი კონტინენტის რკინიგზით დაკავშირების იდეა გაჩნდა 1830-იან წლებში და მისი განხორციელება 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი–ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა გაიარა. ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს პირველი მატარებელი თბილისიდან ფოთში გაემგზავრა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის დაარსების დღედ.
საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის საერთო მთლიანი სიგრძე 2.344 კილომეტრს აღემატება. რთული რელიეფის გამო საჭირო გახდა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის აშენება, რომელთა რაოდენობა 3,7 ათას ერთეულს აჭარბებს.