ადვოკატი: ივანიშვილის სარჩელი შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სახელმწიფო სიბრტყეში არ გადავა

ივანიშვილის ადვოკატებს აქვთ უფლება, შეაფასონ კონკრეტული ნეგატიური მოვლენები, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება, მიაჩნიათ უფლებადამცველებს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საქმე შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის წინააღმდეგ არის კერძო სარჩელი და არ უკავშირდება სახელმწიფო ურთიერთობებს, განაცხადა მილიარდერის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აპირებენ მიმართონ შვეიცარიის პარლამენტს და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე შვეიცარიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს, ქართულმა ოპოზიციამ ივანიშვილს ბრალი დასდო, რომ ის თავისი პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო ურთიერთობების გამოყენებას ცდილობს.

„საუბრები, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ (დავა), არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები. ამ ქვეყანას საგარეო ასპარეზზე ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემა აქვს, ბევრი საკითხია, რომელიც თანამედროვე დღის წესრიგით არის განპირობებული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და მზადყოფნა, რომ ეს ჩვენი საკითხი დავუმატოთ იმ საკითხების ჩამონათვალს“, – განაცხადა ყიფიანმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მოსარჩელე ივანიშვილის ადვოკატებს აქვთ უფლება, შეაფასონ კონკრეტული ნეგატიური მოვლენები, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე – ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ“, – აცხადებს ყიფიანი.

საქმე Credit Suisse Life-ის წინააღმდეგ

რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
საბანკო შეფერხებები და სასამართლოები - ადვოკატი ივანიშვილის პრობლემებზე>>>
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა.
მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.
უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life-ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.
Credit Suisse Life-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.

ივანიშვილი VS ტრასტები

მაისის დასაწყისში ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.
Credit Suisse-თან დავა: ივანიშვილი შვეიცარიის მაღალი ეშელონების დაინტერესებას გეგმავს>>>
აღნიშნული ფინანსური აქტივები თავიდან Credit Suisse-ში იყო განთავსებული, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ კი ივანიშვილმა მათი სხვა ბანკში გადატანა გადაწყვიტა. თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, აღნიშნული ფინანსური აქტივები კვლავ Green Vals Trust-ის მართვის ქვეშ დარჩა.
ეს თანხა სადავო არ არის არც ბერმუდებზე, არც სინგაპურში, არც შვეიცარიაში, შესაბამისად, როგორც ივანიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, ივანიშვილს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, Green Vals Trust-მა თანხებზე წვდომა ივანიშვილს მთლიანად შეუზღუდა.
რაც შეეხება სატრასტო კომპანია Mandalay Trust-ს, იგი ივანიშვილის აქტივებს უშუალოდ ბანკ Credit Suisse-ში მართავს.
როდესაც ბერმუდებზე სასამართლო დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს შეუძლია თანხების განკარგვა, მაგრამ მიუხედავად საქართველოს ექს-პრემიერის არაერთი მოთხოვნისა, Mandalay Trust თავს იკავებს თანხების გადარიცხვაზე.
ივანიშვილმა Mandalay Trust-ის წინააღმდეგ სარჩელი სინგაპურის სასამართლოში შეიტანა.