ვნებათაღელვა 12 პუნქტზე: როგორ მიდის ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მუშაობა
არასამთავრობო სექტორის ინიციატივამ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ახალი უთანხმოება გამოიწვია.
Sputnikთბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია, ისევე, როგორც დაპირისპირება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ყველაზე კრიტიკულ ნაწილს შორის.
მმართველი პარტია მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მხოლოდ ნაწილის მხარდაჭერით. სამი საპარლამენტო პარტია, მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ პროცესს ფარსს უწოდებს.
„დაახლოებით 30-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე ჩატარდა. აქტიურ ფაზაშია გადასული რამდენიმე ჯგუფის პოზიციების შეჯერება. ერთ-ერთი მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი და ინიცირებულია კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
კრიტიკულ ოპოზიციას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. ისინი ასევე მუშაობენ 12 პუნქტზე, კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება ინიცირებული.
ეს ოპოზიციონერები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ მათ მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. და სწორედ არასამთავრობო სექტორის ინიციატივა გახდა ახალი უთანხმოების მიზეზი მმართველ პარტიასთან.
საკითხი ეხება ევროკავშირის 12 პირობიდან ბოლოს – ყველა მხარისთვის მისაღები ახალი ომბუდსმენის არჩევას.
მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი ოპონენტების მონაწილეობის გარეშე შეარჩია. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეს უარყო და განაცხადა, რომ კანდიდატურა ოპოზიციასთან შეთანხმდება, რადგან სახალხო დამცველის ასარჩევად მაღალი კვორუმია საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ახალი ომბუდსმენის კანდიდატურა სწორედ მათ უნდა შეარჩიონ.
„რასაკვირველია, საპარლამენტო პროცედურები მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასაც, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა არ შეიძლება ანაცვლებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა უნდა იყოს შეთანხმებული პოლიტიკურ პარტიებს შორის.
ოპოზიციამ, რომელიც უარს ამბობს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მხარი დაუჭირა.
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ფორმატს, სადაც იქნება კონსულტაციები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, რათა მივიღოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სახალხო დამცველი“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
მზად არიან მხარი დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში არასამთავრობოებს ენიჭებათ უპირატესობა. მათი მხრიდან უნდა იყოს მოწონებული (სახალხო დამცველის კანდიდატურა) და მათი მხრიდან უნდა იყოს გაკეთებული კონკრეტული არჩევანი. შესაბამისად, შემდეგ უკვე კონსენსუსის გზით უნდა იყოს არჩეული კანდიდატი“, – განაცხადა პარტიის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ფართო უფლებამოსილებები გააჩნია.
სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები, შევიდნენ სხვა დახურულ სახელმწიფო და დახურულ დაწესებულებებში.