საქართველოში სომხეთის საელჩო ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილებს იღებს

აფეთქება ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მდებარე პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩომ გახსნა სამძიმრის წიგნი ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ტრაგედია 14 აგვისტოს მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა 16 და დაშავდა 62 ადამიანი. ორი დაკარგულად ითვლება.
მსურველებს წიგნში სამძიმრის წერილის დატოვება შეუძლიათ 17-18 აგვისტოს საელჩოს შენობაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ტეტელაშვილის ქუჩის #4-ში.
საელჩოში შესვლა ნებადართულია 11:00-13:00 და 14:00-17:00 საათებში.
ტრაგედიის გამო 17-18 აგვისტოს სომხეთში გლოვაა გამოცხადებული.
აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით: „იოლად აალებადი ნივთიერებების შენახვის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ და „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.