თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის იმ დეპუტატების კრიტიკას, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს, უსაფუძვლო უწოდა.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტისთვის აშშ-ის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ შეაფასეს, როგორც „ინსტრუქცია“, „რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს“. მათ აღნიშნეს, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებული არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გამოთქვეს აშშ-ის და სხვების მიმართ, არის დაუდევარი, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია“, – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ ათობით წელია თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლოს რეფორმის საკითხში და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. „ეს მოიცავს ვალდებულებას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ასეთი გაუმჯობესება საჭიროა“, – აღნიშნა დეგნანმა.
დეპუტატებმა თავიანთ წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტისადმი აშშ-ის საელჩოს წერილში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. ეს ფაქტი აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, განაცხადეს მათ.
მათი თქმით, ბოლო წლებში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან პარლამენტის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს და მონაწილეობენ კანონშემოქმედებით პროცესში.
დეპუტატებმა „საელჩოს ინსტრუქციებს“, განსაკუთრებით სამ მათგანს, აბსურდული უწოდეს. ესენია მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა.