თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 28 ათას ლარზე მეტი ღირებულების 6.490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრების გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.