საქართველოს კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებს შეამოწმებს

ივნისი–ივლისში ქვეყანაში შემოვიდა გაიაფებული საწვავი, მაგრამ საცალო ბაზარზე ფასების შემცირება არ მომხდარა, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საცალო ბაზრის ოპერატორების კეთილსინდისიერებას შეამოწმებს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ კონკურენციის სააგენტოს დაავალა იმის გარკვევა, თუ რატომ არ მცირდება საწვავის ფასები ლარის გამყარების ფონზე.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტო იწყებს მოკვლევას საავტომობილო საწვავის ბაზარზე. ჩვენი შეფასების მიხედვით, განსაკუთრებით ივნისი–ივლისში საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოედინებოდა, მაგრამ აღნიშნულის შესაბამისად არ ხვდებოდა საცალო ბაზარზე, ამიტომ ჩვენი მიზანია გავარკვიოთ ასეთი ქმედების კეთილსინდისიერება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლექვინაძემ.

ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალ–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
საცალო ბაზრის 60%-ის მფლობელი კომპანიები ადრეც გააკრიტიკეს ფასების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ამის გამო კომპანიებისთვის სანქციები არავის დაუწესებია.
საქართველოში საწვავი შემოდის რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.