თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საწარმო, რომელიც ფერმერისგან ერთ კილოგრამ „რქაწითელს“ ან „კახურ მწვანეს“ მინიმუმ 90 თეთრად შეისყიდის, კილოგრამზე 35 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე მთავრობის სხდომის შემდეგ.
გასული წლების მსგავსად, წელსაც ამუშავდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება, გარკვეული ჯიშის ყურძენი საბაზროზე მაღალ ფასად ჩააბარონ.
„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მევენახისთვის... ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დარგის განვითარება, ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა შამუგიამ.
სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირება წელს დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
მინისტრის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 25 ათას მეწარმესა და 300 საწარმოზე, რომლებიც რთვლის პროცესში ჩაერთვებიან.
შამუგიას თქმით, სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღეს, რომ შემცირდა ექსპორტი ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე – უკრაინაში, იქ განვითარებული მოვლენების გამო.
„წელსაც ვეხმარებით დარგს, მევენახეებს, საწარმოებს, რათა შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა“, – განაცხადა მინისტრმა.
რთველი კახეთში უახლოეს დღეებში დაიწყება. ის ტრადიციულად ორგანიზებულად ჩაივლის. საკოორდინაციო შტაბის თანამშრომელთა ნაწილი უკვე კახეთშია. შტაბი სრული დატვირთვით შემდეგ კვირაში ამუშავდება.
საქართველოში წელს ყურძნის კარგ მოსავალს – დაახლოებით 300 ათას ტონას ელოდებიან.
ხელისუფლებამ გასულ წელსაც გამოყო სუბსიდია „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენზე, რისთვისაც 210 მლნ ლარი დაიხარჯა. 2021 წელს ქვეყანაში 240 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანამ 2021 წელს ექსპორტზე 62 ქვეყანაში გაიტანა 107 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის მონაცემებზე 16%-ით მეტია. ეს მაჩვენებლები ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში რეკორდულია.
ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი კვლავ რუსეთს ერგო, სადაც ექსპორტირებული იყო 62 მლნ ბოთლი, რაც მთელი ექსპორტის 57%-ია.