თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სომხეთში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ტრაგედიის გამო 17-18 აგვისტოს ორდღიანი გლოვა გამოცხადდა, იუწყება ქვეყნის მთავრობის პრეს-სამსახური.
„2022 წლის 14 აგვისტოს „ერევნის საკონსერვო ქარხნის“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 2022 წლის 17 და 18 აგვისტოს სომხეთის ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ორსული და მცირეწლოვანი ბავშვი. იდენტიფიცირებულია 14 პირი. 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. შვიდი მოქალაქე ჰოსპიტალში მკურნალობს. აფეთქების შედეგად სულ დაშავდა 62 ადამიანი.
აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.