მსოფლიო დღეს

მაშველებმა აფეთქებული ბაზრობის ნანგრევებში ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ერევანში „სურმალუს“ ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 ადამიანს მიაღწია, იუწყება ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო საათებში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ექვსი ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია 15 ცხედარი. აქედან ცხრა პირის ვინაობა, მათ შორის ბავშვისა, ჯერჯერობით დაუდგენელია“, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებაში.

ამ დროისათვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 18 ადამიანი მიიჩნევა. აფეთქების შედეგად დაშავდა 60 კაცი. მათგან 12 ჯერ ისევ საავადმყოფოებშია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მასში 170 კაცზე მეტია ჩართული.
„სურმალუს“ ბაზრობაზე აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი, რასაც შემდეგ ძლიერი ხანძარი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.