საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა

ტენდენციები ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. პანდემიის შემდეგ პირველად შემოსავლებმა ტურიზმიდან 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა, შემოსავლების რეკორდული დონე გვაქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით – დაახლოებით 130%-ით მეტი. მოგზაურობებიდან შემოსულმა თანხამ 2022 წლის იანვარი–ივლისში 1,6 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

„ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი არის ქვეყანაში შემოსული. ახლა მინდა გითხრათ, რომ ივლისში მოგზაურობიდან, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ტენდენციები ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.
საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - ივლისის მონაცემები>>
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 214,4%-ით გაიზარდა. ქვეყანამ წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში 2,3 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც 52,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს (პანდემიამდე).