მსოფლიო დღეს

საფრანგეთში ფეიერვერკების გამოყენება აიკრძალა

ყველაფერი გვალვისა და ხანძრის გაზრდილი საშიშროების გამო ხდება, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთის 30-ზე მეტ დეპარტამენტში ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზეიმო ფეიერვერკების აკრძალვა 15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით – გადაწყვეტილება გვალვასა და ხანძრის გაზრდილ საშიშროებას უკავშირდება, იუწყება გაზეთი Figaro.
ღვთისმშობლის მიძინების დღე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია, რომელიც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში უქმე დღეა და მასობრივი მსვლელობით აღინიშნება ხოლმე.
„საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პრეფექტებს მიმართა თხოვნით, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფხიზლე და გააუქმონ 15 აგვისტოს ტრადიციული პიროტექნიკური შოუ ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის გამო, რაც გვალვებითაა გამოწვეული... პრეფექტურები, რომლებმაც ფეიერვერკები აკრძალეს, მთავრობის ამ განკარგულებას ასრულებენ“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.
ფეიერვერკები აკრძალულია ბრეტანში, დასავლეთ რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთ დეპარტამენტებში – ბუშ-დიუ-რონში, ლანდებში, კრეზში, აღმოსავლეთ დეპარტამენტებში – ლუარაში, არდეშში, კანტალში, სავოიასა და სხვ. ხანძრებით მოცულ ჟირონდის დეპარტამენტში ფეიერვერკების გაშვება მხოლოდ იმ პირობით დაუშვეს, რომ „მათ ოკეანის მიმართულებით გაისვრიან და რისკები სახანძრო სამსახურებთან ერთად შეფასდება“.
როგორც ცნობილია, ივლისში სიცხისა და გვალვის გამო ჟირონდის დეპარტამენტში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერი ტყის ხანძრები გაჩნდა, მაშინ ცეცხლმა 20 ათას ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა, ხანძრების ჩაქრობა კი ქვეყანას 6,6 მილიონი ევრო დაუჯდა და ამას 10 დღე დასჭირდა.