ქართველი სპორტსმენი ველოსიპედით კატარში გაემგზავრება

პროექტის მიზანი, რომელსაც ქართველი ახორციელებს, ველოსპორტის და ტურიზმის პოპულარიზაციაა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქართველი ველომოგზაური ნოდარ ბერიძე კატარის დედაქალაქში ახალი ველოტურის ფარგლებში გაემგზავრება.
ბერიძემ სტარტი უკვე აიღო გოდერძის უღელტეხილიდან. მას 99 დღეში ველოსიპედით 5,9 ათასი კილომეტრის გავლა მოუწევს. ამ დროის განმავლობაში ველოსიპედისტი ცხრა ქვეყანასა და 99 ქალაქს ეწვევა. ამასთან, ქართველს სხვადასხვა ქალაქში ათასზე მეტი ველოსიპედისტი გაჰყვება.
ველოტური ნოემბერში ქალაქ დოჰაში დასრულდება. პროექტის მიზანია სპორტის ამ სახეობისა და ტურიზმის პოპულარიზაცია.
ნოდარ ბერიძე
ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ სხვადასხვა დროს 28 ქვეყანაში იმოგზაურა, ველოტურების ფარგლებში მას 65 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი.
ბერიძე ჯანსაღი ცხოვრების წესის და მსოფლიოში მშვიდობის პროპაგანდას ეწევა. აღსანიშნავია, რომ ბერიძე პროფესიონალი ველოსიპედისტი არ არის, ის მოჭიდავეა.
თავად ბერიძე თავის საქმიანობას სერიოზულ საზოგადოებრივ საქმეს უწოდებს. „ჩემი მისიაა მშვიდობის, სიკეთისა და ჯანმრთელობის, ასევე სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“, – ამბობს ის.