მსოფლიო დღეს

„შენ შემდეგი ხარ“: ჯოან როულინგს სიკვდილით ემუქრებიან

Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორმა, მწერალმა ჯოან როულინგმა „ტვიტერზე“ მუქარა მიიღო, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, წერს სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან, 12 აგვისტოს შეერთებულ შტატებში ინდოელ-ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის დაესხნენ თავს, რის შემდეგაც როულინგმა ტვიტერზე დაწერა:
„ამჟამად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. დაე, ყველაფერი კარგად იყოს“.
ამაზე პასუხად მომხმარებელმა MeerAsifAziz1-მა როულინგს მისწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.
როგორც როულინგმა აცნობა თავის ხელმომწერებს, საქმეს უკვე იძიებს პოლიცია, რომელიც მანამდე მის მიმართ სხვა მუქარის წერილებზე მუშაობდა.
როულინგს მანამდე უკვე ჰქონდა მიღებული მუქარის შემცველი წერილები. 2021 წლის ნოემბერში როულინგმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ სიკვდილით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერების უფლებების დამცველებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ფოტო მისი სახლის მისამართით.
მანამდე ჯოან როულინგს არაერთხელ დასდეს ბრალი ტრანსფობიაში ტრანსგენდერების შესახებ მისი განცხადებების გამო. ტრანსგენდერების უფლებების დამცველები მწერლის წინააღმდეგ 2019 წლიდან გამოდიან. ტრანსფობიის შესახებ ბრალდებები მას შემდეგ დაიწყო, რაც როულინგმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გენდერისა და სქესის საკითხების შესახებ“.
„სატანისტური ლექსების“ ავტორს, 75 წლის სალმან რუშდის თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის ნიუ-იორკში ლექციის წასაკითხად ემზადებოდა. თავდამსხმელმა, 24 წლის ჰადი მატარმა მწერალს რამდენჯერმე დაარტყა დანა და კისრისა და მუცლის არეში დაჭრა. რუშდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღე იყო შეერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. 14 აგვისტოს მან უკვე შეძლო ოჯახის წევრებთან საუბარი.