თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს კონცეფცია, რომელიც აღკვეთის ახალი ზომის დაწესებას – ბრალდებულის გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ განმარტა, რომ ინიციატივა ადამიანების უფლებებისა და ღირსების დაცვას ემსახურება.
„ის, ერთი მხრივ, გულისხმობს ჰუმანურ მიდგომას ბრალდებული პირების მიმართ და მათთვის პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენებას, მეორე მხრივ კი ზოგავს სახელმწიფო სახსრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გადაადგილების შეზღუდვის დროს ფინანსური ხარჯები დაახლოებით 80%-ით ნაკლებია, ვიდრე პატიმრობის დროს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინიცირებული შესწორებების თანახმად, გადაადგილების შეზღუდვის აღსრულებისათვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე 1 ათას ერთეულ სამაჯურს და ამავე რაოდენობის სერვერს შეიძენს. ასევე იგეგმება ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა და მათი გადამზადება.
აღკვეთის ეს ზომა დანაშაულის ყველა სახეობაზე არ გავრცელდება და მისი გამოყენება სასამართლოს პრეროგატივა იქნება, განმარტა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სავარაუდოდ, გადაადგილების შეზღუდვა აქტიურად იქნება გამოყენებული ქალებზე ძალადობაში ბრალდებულების შემთხვევაში.
მინისტრის თქმით, პრობაციის სამინისტრო ყოველთვის მზადაა ინოვაციებისთვის.
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ლენა ოუენსი, ასევე სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.