თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ბიჭი და მისი მეგობარი დააკავეს

წინასწარი მონაცემებით, 34 წლის ქალი საკუთარმა შვილმა მეგობრის დახმარებით მოკლა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, 17 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი, 21 წლის მამაკაცი ეხმარებოდა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს