საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა

საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო– Sputnik. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ტერიტორიის გავლით 12,8 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16,5%-ით აღემატება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, საქართველოს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებს.
„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,2% -ით მეტია, ხოლო რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით მეტია.
რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის ექვს თვეში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,9%-ით მეტია.
აქედან ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.
მინისტრის თქმით, ასევე მზარდია მგზავრთნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილია 122.3 მლნ მგზავრი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.