თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეთნულდზე ჩარჩენილი სამი მთასვლელი თავს კარგად გრძნობს, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთამსვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.
სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 12 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.
უცხოელ მთასვლელთა მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.