ქობულეთში 21 წლის ბიჭი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით აჭარაში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს ქობულეთში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 21 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - შსს