ქართველი ფერმერები სასათბურე მეურნეობას ავითარებენ

აგროწარმოებაში მსოფლიო დონის სასათბურე მეურნეობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარებისთვის 132 მლნ ლარის ღირებულების 1600-ზე მეტი სესხია გაცემულია, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 21 მლნ ლარზე მეტია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფერმერების დასახმარებლად დანერგილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მათზე დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხების გაცემას უზრუნველყოფს.
„აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტები ითვალისწინებს ფერმერების როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერას. აგროწარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის სასათბურე მეურნეობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა შამუგიამ.
ოთარ შამუგიამ და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ სოფელ ფარცხანაყანევში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
სოფელ ფარცხანაყანევში ფერმერმა გივი ბურჯანაძემ სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად 150 ათასუ ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 99 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტია“. სასათბურე მეურნეობაში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება.
საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი ბაღების გაშენებაზე 133 მლნ ლარი დაიხარჯა >>
იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 37 მლნ ლარის ღირებულების 700-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 6 მლნ ლარზე მეტია.