თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 3,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების მონაცემებით, ექვს თვეში ქვეყანაში დაფიქსირებულია 28,3 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 56%.
რუსთავის ციხე
© photo: Sputnik / Stringer
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. კრიმინალის პიკი ზაფხულის პერიოდს ემთხვევა.
ივნისში დაფიქსირდა 5,2 ათასი დანაშაული, საიდანაც ნახევარი გახსნილია.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ექვს თვეში დაახლოებით 8,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 52,6%.
მეორე ადგილზე ნარკოდანაშაულია - დაახლოებით 2,3 ათასი შემთხვევა ექვს თვეში, საიდანაც გახსნილია 86,9%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
ქურდობა – 8.795
ნარკოდანაშაული – 2.340
მუქარა – 1.758
ოჯახური ძალადობა – 1.634
სატრანსპორტო დანაშაული – 1.517.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ექვს თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 42 მკვლელობა, აქედან 11 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 151 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 73 – გაუპატიურება, 4 – ადამიანებით ვაჭრობა.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 12.246 ადამიანი. აქედან 793 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.939 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში დაზარალებულის სტატუსი 9.404 ადამიანს მიენიჭა.