თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტ-აპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“. დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
ამასთან, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 3,152 კგ ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს და ნარკოტიკული საშუალება 4-CMC-ის შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი.
აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს