დავა მიწების გამო ზემო და ქვემო სვანეთის საზღვარზე: ეპარქიები განცხადებას ავრცელებენ

ეპარქიებმა საკითხის გადასაჭრელად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით, ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის უთანხმოება წარმოიქმნა.
ეპარქიების განცხადებით, საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მხარეებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს მიმართეს.
„ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეპარქიები ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით იმოქმედებენ, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც, ნათქვამია განცხადებაში.