თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პირველად სასწრაფო დახმარების მობილური ჯგუფები 2019 წელს გამოჩნდა. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სერვისმა მუშაობა შეწყვიტა.
მედიკოსები მოტოციკლეტებით ბათუმში
© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairs
უწყების ცნობით, მედიკოსები მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
„მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
წარდგენის ღონისძიებას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
მედიკოსები მოტოციკლეტებით ბათუმში
© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairs
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება ეფექტური, რადგან ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე ოპერატიულობა გაიზრდება.