თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში თბილისში ისრაელის გუნდის წინააღმდეგ მატჩი გამართა და ანგარიშით 96:104 დამარცხდა.
მატჩის დროს საკუთარ ნახევარზე ბურთის მიღებისთანავე მეტოქე მაღალ ტემპში გადადიოდა შეტევაზე და იერიშების უმეტესობას 10-12 წამში ამთავრებდა, მაშინ, როდესაც გუნდს შეტევისთვის 24 წამი აქვს გამოყოფილი. ისრაელს სწრაფი კომბინაციებიც კარგად გამოსდიოდა და სატყორცნ პოზიციაზე კალათბურთელი ხშირად რჩებოდა. მეტოქემ ჯამში 12 სამქულიანი ჩააგდო.
სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი – საქართველოს ნაკრებმა დიდი მონდომების მიუხედავად ისრაელის შეტევას სათანადო დაცვა ვერ მოარგო.
დღევანდელ მატჩში საქართველოს გუნდში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო: 26 ქულა, 9 გადაცემა, 6 მოხსნა.
საქართველო და ისრაელი 13 აგვისტოს კიდევ ერთ მატჩს გამართავენ, რომელიც დახურული იქნება და მისი ტრანსლირება არ მოხდება.