თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივლისი–აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო- და ვიდეომასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გასაგრძელებლად შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სხვა სახის გამოძიებაც დაექვემდებარა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.