თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სოფლის განვითარების სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა – დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში მოეწყო ტურისტული სივრცე ხის კოტეჯებით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
პროექტი 225 ათას ლარზე მეტი დაჯდა, საიდანაც 170 ათასი ლარი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.
სულ ათი ხის კოტეჯი აშენდა. ადგილზე დასაქმებულია 13 ადგილობრივი მცხოვრები.
ამ დროისათვის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 76 პროექტი. საინვესტიციო ღირებულებამ 10,9 მლნ ლარი შეადგინა, აქედან თანადაფინანსება 7,7 მლნ ლარზე მეტია.
სოფლის განვითარების პროგრამა ხორციელდება ქედის, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.