ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსები იხსნება

უმაღლესი სასწავლებელი, სხვა ენებთან ერთად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ხალხების ენების შემსწავლელ კურსებს ხსნის.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტი ქართული ენის შესწავლის მსურველებისთვის კურსებს ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი მზია შანავა ავრცელებს.
„ქართველი ენათმეცნიერების და მეცნიერების თაობების ოცნება ასრულდა – ჰარვარდის უნივერსიტეტი იწყებს ქართულის სწავლების პროგრამას და ქართული ენის კლასებს გთავაზობთ", – დაწერა შანავამ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ უმაღლესი სასწავლებელი იძლევა საშუალებას, მსურველებმა, სხვა ენებთან ერთად, შეისწავლონ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ენები (მაგ. ქართული, ყაზახური, უზბეკური და ა.შ.).
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება>>
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ ენების შესწავლით დაინტერესებულ პირებს სთხოვს, დაუკავშირდნენ დოქტორ სტივენ კლენსის.
Harvard University აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1636 წელს დაარსდა. სახელი სამღვდელო პირის ჯონ ჰარვარდის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც უნივერსიტეტს თავისი ქონების ნახევარი და დიდი ბიბლიოთეკა დაუტოვა.