თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე შეხვედრების მესამე ქვეყანაში გამართვის წინააღმდეგია, იუწყება РИА Новости თურქულ ტელეარხ A Haber-ზე დაყრდნობით.
მანამდე მხარეებმა ერთი შეხვედრა გამართეს მოსკოვში, სამი კი ვენაში.
„ეს მტრების შეხვედრა არაა, ამიტომაც არ შეიძლება იგი მესამე ქვეყანაში ჩატარდეს“, – განაცხადა ტელეკომპანიასთან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, სომხეთის მთავრობაზე ქვეყნის შიგნით ზეწოლა მთავარი პრობლემაა ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს ერევანთან დიალოგის გაგრძელებას და მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული პროცესის ეტაპობრივი წინსვლისთვის.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა. ანკარამ მკვეთრი რეაქცია გამოავლინა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე. ამასთან ყარაბაღის კონფლიქტში ანკარამ აზერბაიჯანის მხარე დაიჭირა. თუმცა, გასული წლის დეკემბერში მხარეებმა ურთიერთობის ნორმალიზებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. თებერვალში სომხეთმა და თურქეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა განაახლეს.