თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კორონავირუსით ინფიცირებულთა წილი 49,7%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ექიმებში ინფიცირებულთა წილი 42% იყო, ექთნებსა და სანიტრებში – 53%-53%, არასამედიცინო პერსონალში კი – 28%.
ინფიცირებულთა შორის ქალების წილი შეადგენს 40,5%-ს, კაცების – 33,9%-ს.
სამედიცინო პერსონალში ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა თბილისში, შემდეგ იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში აღირიცხა COVID-19-ით განპირობებული მედიცინის მუშაკთა სიკვდილის 153 შემთხვევა.
სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0,4%, ხოლო კაცებში – 1,4% შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34,6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა.
გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.